შეერთებული შტატები ირანში სამხედრო ოპერაციის მიზნებს, სავარაუდოდ, 4-დან 6 კვირაში მიაღწევს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ოპერაციის მიზნებია: ირანის სარაკეტო პროგრამის და საზღვაო ფლოტის განადგურება, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილება, ასევე, რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის შეწყვეტა.
„სულ რაღაც ექვსი დღის შემდეგ, ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული საპასუხო დარტყმები 90 პროცენტით შემცირდა. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ „ჰეზბოლა“ და ჰუსიტები თითქმის არ იბრძოდნენ“, – აღნიშნა ლივიტმა.
ირანის მომავალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით კითხვაზე ლევიტმა განაცხადა, რომ „ამერიკის ინტერესებშია, ირანი აღარ იმართებოდეს რადიკალური ტერორისტული რეჟიმის მიერ“ და რომ დონალდ ტრამპი „აქტიურად განიხილავს, ვინ გახდება ირანის მომავალი ლიდერი“.
„პრეზიდენტი, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, როდესაც დაადგენს, რომ ირანი აღარ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის და ოპერაცია „ეპიკური მრისხანების” მიზნები სრულად შესრულებულია, ირანი უპირობო დანებების მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუნდაც, თავად ასე არ თქვას. გულახდილად რომ ვთქვა, მათ ამის სათქმელი ადამიანიც თითქმის აღარ ჰყავთ; შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ყოფილი ტერორისტული რეჟიმის 50-ზე მეტი ლიდერი გაანადგურა, მათ შორის თავად უზენაესი ლიდერი“, – განაცხადა ლევიტმა.
თარგმანი: პირველი არხი







