ამის შესახებ ინფორმაციას „ლოს-ანჯელეს ტაიმსი" აქვეყნებს.

ქალაქი ფონტანა დათანხმდა გადაიხადოს 898 ათასი დოლარი, რათა მორიგებით დასრულდეს ფედერალური სარჩელი, რომელშიც მოსარჩლე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ აიძულა ეღიარებინა მკვლელობა, რომელიც არ მომხდარა.

2018 წლის აგვისტოში თომას პერესმა-უმცროსმა პოლიციაში დარეკა და მამის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. 17-საათიანი დაკითხვის დროს პოლიციის ოფიცრები, მოსამართლის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ფსიქოლოგიური წამების გზით, ცდილობდნენ მისგან მოეპოვებინათ აღიარებითი ჩვენება მამის მკვლელობის შესახებ. პერესი ბრალდებას უარყოფდა, პოლისიის ოფიცრები კი მას არწმუნებდნენ, რომ დანაშაული ჩაედინა და სთხოვდნენ დეტალები გაეხსენებინა.

საქმის მასალების თანახმად, პოლიციის ოფიცრებმა მას უარი განუცხადეს მიეღო დეპრესიის და ფსიქიკური აშლილობის სხვა პრობლემების სამკურნალო წამლები.

„თქვენი ძაღლი გიყურებთ და იცის, რომ მამა მოკალით, თქვენ კი ზიხართ და უარყოფთ დანაშაულს. ამას როგორ ახერხებთ", - მიმართა მას ერთ-ერთმა ოფიცერმა, შემდეგ კი, ფსიქოლოგიური ზეწოლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მიზნით, უთხრეს, რომ თუ იგი არ აღიარებდა მკვლელობას, ძაღლს დააძინებდნენ. გარდა ამისა, მათ პერესი გაიყვანეს ერთ-ერთ ავტოსადგომზე და იქ გავლა და მამის ცხედრის მოძებნა დაავალეს, დაკითხვის კვლავ გაგრძელების შემდეგ კი განუცხადეს, რომ მამის ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა, მორგში იყო.

ფსიქოლოგიურ შოკში მყოფმა პერესმა ერთ მომენტში ტანსაცმელი შემოიხია და თმები დაიგლიჯა, ორიოდე წუთით მარტო დატოვებულმა კი შორტის ზონრით (ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ფეხსაცმლის თასმებით - „აიპრესი") თავის ჩამოხრჩობა სცადა.

დაკითხვის მე-16 საათზე მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ მამასთან ჩხუბი მოუვიდა და მას დანა დაარტყა.





აღიარებიდან მცირე ხნის შემდეგ პოლიციას პერსის და დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მამამ ღამით სახლიდან გავიდა და მეზობლად მდებარე დასახლებაში, მეგობართან იყო, შემდეგ კი იქიდან ლოს-ანჯელესის აეროპორტში წავიდა, რათა ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაფრენილიყო და ქალიშვილი მოენახულებინა.

პოლიციამ დარწმუნდა, რომ პერესის მამა უსაფრთხოდ იყო, მაგრამ თავდაპირველად დამალეს ინფორმაცია და პერეს-უმცროსს არაფერი უთხრეს. მეტიც, იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, ძაღლი კი ცხოველთა თავშესაფარში. სამი დღის შემდეგ ფსიქიატრულიდან გამოსულმა პერესმა მას ჩიპით მიაკვლია.

პოლიცია ცდილობდა დაეცვა თავი და ამტკიცებდა, რომ ფაქტების ერთობლიობა (სახლი არეული, მამის ტელეფონი და საფულე კი ადგილზე იყო, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, პერეს-უმცროსი სახლს არემონტებდა და ამის გამო მამასთან კამათი ჰქონდა; სისხლის კვალი აღმოაჩინეს სახლში, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მამას დიაბეტი ჰქონდა და ტესტის ჩატარების დროს თითზე ნანემსრიდან წამოსული სისხლის კვალი აღმოაჩინეს; აგრეთვე ამბობდნენ, რომ ადგილზე მიყვანილი პოლიციის ძაღლი ისე იქცეოდა, როგორც გვამის სუნის შეგრძნებისას) მათ პერეს-უმცროსზე ეჭვის მიტანის საფუძველს აძლევდა.

გასული წლის ივნისში საოლქო სასამართლოს მოსამართლემ დაასკვნა, რომ ნაფიც მსაჯულს პოლიციელთა ქმედება არაკონსტიტუციური ფსიქოლოგიური წამებად მიეჩნია.

ახლახან საქმე მორიგებით დასრულდა და ქალაქი ფონტანა დათანხმდა პერეს-უმცროსისთვის 898 ათასი დოლარის გადახდას.