უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნარატივისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს.
„უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩართული რუსეთის სამხედრო ძალების მიმართ შეზღუდვების მოხსნას და მათ წინააღმდეგ შესაძლებლობების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოყენებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება:
გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, რათა განადგურდეს რუსეთის თავშესაფარი, რომელსაც უკრაინაზე თავდასხმებისთვის, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვისთვის იყენებენ, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და შეამცირებს ნგრევას უკრაინაში, ხელს შეუწყობს მშვიდობის მცდელობებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას განვუცხადე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას ბრიუსელში და მსჯელობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან მომავალ კვირას, რათა წინ წავწიოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხი“,- წერს ჯოზეფ ბორელი.