timesofisrael-ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხოსეპ ბორელმა შეშფოთება გამოხატა ისრაელის სასიკვდილო თავდასხმის გამო ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე, სადაც დევნილები ცხოვრობენ.
„შეძრწუნებული ვარ ღაზის სკოლა-თავშესაფარის ისრაელის თვდასხმის შემდგომი კადრებით. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ათობით პალესტინელი. ბოლო კვირების განმავლობაში სულ მცირე 10 სკოლა გახდა სამიზნე. ამ ხოცვა-ჟლეტას გამართლება არ აქვს“, - წერს ბორელი X-ზე.
„ჰამასის" მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ შაბათს საჰაერო თავდასხმას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ინციდენტს „საშინელ ხოცვა-ჟლეტას" უწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, სამიზნე იყო ტერორისტების სამეთაურო პუნქტი შენობის შიგნით. მათი თქმით, ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ მოტანილი რიცხვი გაბერილია.
ისრაელის მიერ ღაზის სექტორის სკოლა-თავშესაფარზე მიტანილ იერიში დაგმო და მას „კაცობრიობის წინაშე ახალი დანაშაული" უწოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი თავზარდაცემულია ალ-ტაბინის სკოლაზე ისრაელის დარტყმით და ადამიანთა ტრაგიკული სიკვდილით. „ჰამასმა" უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხის შექმნა. ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონი.
მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის, ყველა მძევლის გათავისუფლების და დახმარებაზე შეზღუდვების მოხსნისთვის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა საჭირო, - წერს X-ზე დევიდ ლემი.