ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ შესაბამისმა ორგანომ უკვე აირჩია უზენაესი ლიდერი, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება შემდეგი უზენაესი ლიდერი.

როგორც აბას არაღჩიმ აღნიშნა, ამ საკითხზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა გადაწყვეტილებას ირანის ექსპერტთა ასამბლეა მიიღებს.

მისი თქმით, საჭიროა დალოდება, ვიდრე ასამბლეა შეიკრიბება და კენჭისყრის გზით აირჩევს ახალ უზენაეს ლიდერს.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ირანის მომავალი ლიდერის შერჩევაში მონაწილეობა სურს, არაღჩის თქმით, ირანი არ დაუშვებს უცხო ქვეყნის ჩარევას ქვეყნის შიდა საქმეებში.

„არავის მივცემთ უფლებას, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში. ეს ირანელი ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა არაღჩიმ.

მისივე თქმით, ირანი არ მიიღებს ტრამპის მოთხოვნას უპირობო კაპიტულაციის შესახებ.

არაღჩიმ ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის ივნისში ირანი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ამჯერად აუცილებელია ომის მუდმივი დასრულება.

„არავის სურს ამ ომის გაგრძელება“, – განაცხადა აბას არაღჩიმ, თუმცა აღნიშნა, რომ ირანი საკუთარი თავის დაცვას გააგრძელებს.

მისივე თქმით, ირანი არ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს და სამხედრო მოქმედებები მიმართულია მხოლოდ აშშ-ის ობიექტებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრმა, აჰმად ალამოლჰოდამ განაცხადა, რომ შემდეგი უზენაესი ლიდერი არჩეულია, თუმცა ვინაობა არ დაუსახელებია.

თარგმანი: პირველი არხი