საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ იგი X-ზე წერს.

"ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე, უზრუნველყოფს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განახლებას." - წერს კობახიძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 267 ელექტორალური ხმით ლიდერობს, ჰარისს კი 224 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს მხოლოდ სამი საარჩევნო ხმის მოპოვება სჭირდება პრეზიდენტობისთვის.

1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.

რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ ე.წ. მერყევ შტატში - ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინა. ამასთან, იგი ლიდერობდა სხვა ე.წ. მერყევ შტატებშიც: არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი.

დემოკრატი კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს ჰარისის სიტყვით გამოსვლა არ იქნება. ბევრმა ანალიტიკოსმა მიიჩნია, რომ ეს ჰარისის მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავს.