საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს.

"გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო!

ჩვენი 33 წლის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი - ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა." - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 267 ელექტორალური ხმით ლიდერობს, ჰარისს კი 224 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს მხოლოდ სამი საარჩევნო ხმის მოპოვება სჭირდება პრეზიდენტობისთვის.

1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.

რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ ე.წ. მერყევ შტატში - ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინა. ამასთან, იგი ლიდერობდა სხვა ე.წ. მერყევ შტატებშიც: არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი.

დემოკრატი კანდიდატის კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს ჰარისის სიტყვით გამოსვლა არ იქნება. ბევრმა ანალიტიკოსმა მიიჩნია, რომ ეს ჰარისის მხრიდან დამარცხების აღიარებას ნიშნავს.