ამის შესახებ ინგლისის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

პორტალ express-ის ინფორმაციით, გუშინ, პორტლენდში, დორსეტის პორტში, ბარჟა „ბიბი სტოკჰოლმზე", თავშესაფრის მაძიებელი 15 კაცი გადაიყვანეს ოქსფორდის, ბრისტოლის, ტორბეის და ბურნმუთის სასტუმროებიდან.

ამასთან, პრესა აღნიშნავს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია Care4Calais-ის ადვოკატებმა შეძლეს შეეჩერებინათ თავშესაფრის მაძიებელი 20 მიგრანტის ბარჟაზე გადაყვანა. ადვოკატების მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო სათანადოდ გამოეკვლია რამდენად შეესაბამებოდა ბარჟაზე ცხოვრების პირობები ამ პირთა ფსიქიკურ მდგომარეობას. 

საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ სმიტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი თავშესაფრის მაძიებელი ვერ დაიკავებდა ადგილს ბარჟაზე „მათი მეგობრების ზღვაში დახრჩობის ხილვით გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების" გამო.

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებას მკვახედ შეეპასუხა კონსერვატიული პარტიის ლიდერი ლი ანდერსონი. მისი თქმით, მათ, ვისაც არ მოსწონს ბარჟაზე ცხოვრება, უკან, საფრანგეთში უნდა მოუსვან"

ბარჟაზე, რომელიც  500 ადამიანზეა გათვლილი და ფეხბურთის მოედნის ზომისაა, 18-იდან 65 წლამდე ასაკის თავშესაფრის მაძიებელი მამაკაცი უნდა განთავსდეს. მცურავ ობიექტზე არის სადღეღამისო სასადილო ოთახი, სპორტული დარბაზი და 222 საძინებელი ოთახი. თავშესაფრის მაძიებლებს ბარჟაზე შეეძლებათ კრიკეტის თამაში, ველოსიპედით სეირნობა და გიდთან ერთად სოფელ დორსეტში გასვლა.

ბარჟაზე მცხოვრებლებს ასევე შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ „კულტურულ ღონისძიებებში“ და უფასო ავტობუსებით და ტაქსებით გაემგზავრნონ ადგილობრივი ქალაქების მოსანახულებლად.

ავტობუსები დილის 7:00 საათიდან მიიყვანენ თავშესაფრის მაძიებლებს ახლომდებარე ზღვისპირა კურორტზე და მათ საღამოს 11:00 საათამდე შეეძლებათ იმავე ავტობუსებით უკან დაბრუნება. ბოლო ავტობუსზე დაგვიანების შემთხვევაში მათ შეეძლებათ დარეკონ სპეციალურ ნომერზე და გამოიძახონ უფასო ტაქსი. 

უფასო საკვების, საცხოვრებელისა და ტრანსპორტის გარდა, თითოეულ მიგრანტს ჯიბის ფულისთვის კვირაში 9,58 ფუნტი ეძლევა.

express-ის ცნობით, სასტუმროებში მცხოვრებ მიგრანტთა რაოდენობამ 50 000 კაცს მიაღწია და მთავრობას სასტუმროს მფლობელთაგან ყოველდღიურად 6 მილიონ ფუნტ სტერლინგზე წარედგინება ანგარიში.

რიში სუნაკის მთავრობამ მიგრანტთა ბარჟაზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სააპელაციო სასამართლომ მიგრანტების აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო რუანდაში გადაყვანა დაბლოკა.

ინგლისური პრესა აღნიშნავს, რომ ამჟამად ხელისუფლებაში თავშესაფრის მაძიებლების ამაღლების კუნძულზე გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ.