მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი აცხადებს, რომ რუსეთი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რათა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში.
ამის შესახებ დორინ რეჩანმა მთავრობის სხდომის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოლდოვის რესპუბლიკა საარჩევნო კამპანიაშია. რუსეთის ფედერაცია ასევე საარჩევნო კამპანიაში. უბრალოდ, ჩვენ ჩვენს ქვეყანაში ვატარებთ კამპანიას, რუსეთის ფედერაციას კი სურს კამპანიის ჩატარება არა თავის ქვეყანაში, არამედ ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა რეჩანმა.
პრემიერ-მინისტრმა რუსეთი მოლდოვაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში და მოლდოველების სუვერენული ნების დარღვევაში დაადანაშაულა.
რეჩანმა ჩამოთვალა ის მეთოდები, რომლებითაც, მისი თქმით, რუსეთი ცდილობს მოლდოვაზე კონტროლის მოპოვებას და პროევროპული მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერის შესუსტებას. მათ შორისაა – ამომრჩეველთა მოსყიდვის ფართომასშტაბური სქემების ორკესტრირება, კიბერთავდასხმების მოწყობა კრიტიკულ სამთავრობო ინფრასტრუქტურაზე, საარჩევნოდ არეულობის მოწყობის გეგმა და ინტერნეტში დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება.
მოლდოვის ხელუსუფლება ქვეყანაში ვითარების დესტაბილზიაციის კამპანიის მთავარ ფიგურანტად პრორუს ოლიგარქს, ილან შორს ასახელებს.
„არის მტკიცებულება, მათ შორის ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა რუსეთის მიერაა დაფინანსებული. ინსტრუმენტებს შორის კრიმინალური დაჯგუფებაა, ხოლო ბენეფიციარები – რამდენიმე საარჩევნო კონკურენტი“, – თქვა დორინ რეჩანმა.
28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მოლდოვაში ასობით ჩხრეკა ჩატარდა და ათობით ეჭვმიტანილი დააკავეს. მხოლოდ მიმდინარე კვირაში დააკავეს 74 ადამიანი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის საქმის გამოძიების ფარგლებში.
„რუსეთის დივერსიული ქმედებების მზარდი მტკიცებულებები საზოგადოებაში შეშფოთებას ზრდის. ერთ რამეში გარწმუნებთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკა მათ წინააღმდეგობას უწევს. ჩვენ არა მხოლოდ წინააღმდეგობას ვუწევთ, არამედ მტკიცედ ვპასუხობთ და რუსეთის ოკუპაციის გეგმას ჩავშლით. ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს. ყველას მოგიწოდებთ, პატიოსნად მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.
თარგმანი: პირველი არხი