აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი გააგრძელებს აშშ-ში ექსპორტზე მასშტაბური ტარიფების გადახდას, ვიდრე რუსული ნავთობის შესყიდვას არ შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, რომელმაც მისი თქმით,  დაარწმუნა, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყოდა.

"მე ვესაუბრე ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდის და მან თქვა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდის", - თქვა ტრამპმა.

როდესაც ჟურნალისტებმა ინდოეთის ხელისუფლების მიერ ასეთი საუბრის არსებობის უარყოფის შესახებ შეკითხვბა დაუსვეს, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა: "თუ მათ ამის უარყოფა სურთ, მაშინ ისინი უბრალოდ გააგრძელებენ "უზარმაზარი" გადასახადების გადახდას, მათ კი ეს არ უნდათ".

რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი ვაშინგტონსა და ნიუ დელის შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ გამაღიზიანებელ საკითხად რჩება.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინდურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების ნახევარი რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ დაწესდა.