აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს.
დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„ვერ გეტყვით, ვცვლით თუ არა წერილებს, მაგრამ ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. და იცით რა? ის ფაქტი, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგია და არა ცუდი“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვს და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ უნდა დაეშვათ.
„მას 57 ძალიან ძლიერი ბირთვული იარაღი აქვს. ეს არასდროს უნდა დაეშვათ. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამას არ დავუშვებდი. მაგრამ ახლა მას ისინი აქვს. ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მისცე. მე კიმ ჩენ ინს ძალიან კარგად ვიცნობ და ის კარგად იქნება. თუ ჭკვიანი პრეზიდენტი გვეყოლება, ის კარგად იქნება. თუ სულელი პრეზიდენტი გვეყოლება, მაშინ, ალბათ, ასე კარგად აღარ იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა კიმ ჩენ ინთან შეხვედრას უახლოეს პერიოდში, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შევხვდები“.
ამასთან, ირანზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე კვლავ განახლდეს.
„ამჟამად, ვფიქრობ, რომ ვითარება ძალიან კარგია“, – განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს.
















