ეს შესანიშნავი იდეაა, ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე „სრული კონტროლი“ აქვს.

„მათ შეუძლიათ, პრობლემები შექმნან. შეუძლიათ, წყალში ნაღმი განათავსონ, მაგრამ ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს არიან. მისი თქმით, თეირანს შეთანხმება სურს, თუმცა არა ისეთი, რომელსაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.

„მათ შეთანხმება სურთ, მაგრამ ისინი არ დადებენ იმ ტიპის შეთანხმებას, რომელიც, ჩემი აზრით, საჭიროა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა.

„ჩვენ იქ ერთი მიზეზით ვართ – ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ არ ცდილობს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომანი ბოლო პერიოდში „კარგად არ მოიქცა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტის მუქარა ომანის დაბომბვის შესახებ და ამოეწურა თუ არა მას სპარსეთის ყურის ამ ქვეყნის მიმართ მოთმინება, ტრამპმა უპასუხა, რომ ომანი ბოლო პერიოდში კარგად არ მოიქცა.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი კარგად მოიქცნენ, მაგრამ მათ ძალიან მარტივად გავუმკლავდებოდით“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოქმედებებს გულისხმობდა.