აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდება. ამის შესახებ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების ნაცვლად, ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებასა და მისი შედეგების დაკვირვებას ამჯობინებს.
„ჩვენ ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვამახვილებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემასთან საუბრისას.
მისი თქმით, აშშ ირანთან მხოლოდ ნაწილობრივ აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამ ეტაპზე აკვირდება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, მათ შორის მაღალ ინფლაციასა და ფინანსური რესურსების ნაკლებობას.
ტრამპის განცხადებით, ირანი ეკონომიკურად „ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“ და სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელადაც კი არ აქვს საკმარისი თანხა. მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ ირანის ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა.




