საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში გაიმართა, მინისტრებმა კულტურის სფეროში არსებული გამოწვევები, მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს.
საუბარი შეეხო როგორც კულტურული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას, ასევე, კულტურის განვითარების ხელშეწყობას.
ყურადღება გამახვილდა ისეთი ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კულტურულ და სახელოვნებო პროცესებში ჩართულობას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას.
მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალი შესაძლებლობების რეალიზების პროცესში.








