ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი სქესი არსებობს, ეს არის მამრობითი და მდედრობითი.

„ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას, რომელიც რეალურად არ ცნობს განსხვავებულ ფერებს და მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობების და დამსახურების საფუძველზე სცემს ადამიანებს პატივს. კიდევ ერთხელ, აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი სქესი, ეს არის მამრობითი და მდედრობითი.

მე მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომ ჩვენი მეომრები მოვალეობის შესრულებისას არ დაექვემდებარონ რადიკალურ პოლიტიკურ თეორიებს და სოციალურ ექსპერიმენტებს. ეს დაუყოვნებლივ დასრულდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე წელს სპეციალური სტუმრის სტატუსით მხოლოდ 5 ლიდერი მიიწვიეს. მათ შორის იყო უნგრეთის პრემიერ მინისტრი, რომელმაც სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გამო ვაშინგტონში ჩასვლაზე უარი თქვა და განცხადება ბუდაპეშტში გააკეთა.

ტრამპისთვის ეს ინაუგურაცია მეორეა. ის ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი იყო 2017-21 წლებში. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდება. მსგავსი რამ ამერიკაში თითქმის საუკუნე ნახევარია არ მომხდარა.