დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობის გეგმა, გაგზავნოს თავშესაფრის მაძიებლები რუანდაში, სადაც ისინი დაელოდებიან პასუხს განცხადებაზე, უკანონოა.  

უზენაეს სასამართლოს უნდა შეეფასებინა, იყო თუ არა რუანდა უსაფრთხო მესამე ქვეყანა, სადაც შეიძლებოდა თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა. უზენაესი სასამართლოს ხუთი მოსამართლის მიერ ერთხმად მიღებული დასკვნა უარყოფითია და ამიტომ მთავრობის გეგმა უკანონოდ ითვლება.

უზენაესი სასამართლო დაეთანხმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიწოდებულ მტკიცებულებას, რომ რუანდიდან 100-ზე მეტი ლტოლვილი, მიუხედავად მათი სიცოცხლისთვის არსებული საფრთხისა, დააბრუნეს თავიანთ ქვეყანაში.

არსებობს არსებითი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თავშესაფრის მაძიებლებს რუანდაში გაგზავნის შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის რეალური რისკი შეექმნებათ, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

რუანდაში თავშესაფრის მაძიებელთა გაგზავნის გეგმა პირველად ბორის ჯონსონის მთავრობამ გასულ წელს შეიმუშავა, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა.

ლონდონის სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა აპრილში, რომ ზომები იყო უკანონო, რადგან რუანდა არაა უსაფრთხო ქვეყანაა, მაგრამ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მათ წაიკითხეს გადაწყვეტილება და განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს.

„ეს არ იყო ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა", თუმცა „პრინციპში, უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ არალეგალური მიგრანტების მესამე ქვეყნებში გაგზავნა ლეგალურია. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ არალეგალური იმიგრაცია და გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა", - განაცხადა პრემიერმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბრიტანელ მემარცხენეთა კმაყოფილება და მემარჯვენეთა აღშფოთება გამოიწვია. კონსერვატიული პარტიის ვიცე-თავმჯდომარე ლი ანდერსონი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა უგულებელყოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და საკუთარი კანონები ადამიანის უფლებათა შესახებ და  გაგზავნოს მიგრანტები რუანდაში.