ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეთვალყურეობის ქვეშ, ფხენიანმა კიდევ ერთხელ გამოცადა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო.

საუბარია, კერძოდ, Hwasong-18-ზე, მყარი საწვავის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც ითვლება ყველაზე ძლიერად ჩრდილოეთ კორეაში არსებულთა შორის. ჩაშენებული მყარი საწვავი მის გაშვებას უფრო რთულს ხდის, ვიდრე თხევადი საწვავის რაკეტების.

კიმ ჩენ ინმა რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა "არ უგულებელყოფს მტრის ყველა უგუნურ და უპასუხისმგებლო სამხედრო საფრთხეს" და "მტკიცედ დაუპირისპირდება შეტევით ქმედებებს“, რათა თავიდან აიცილოს "აშშ–ის მზარდი სამხედრო საფრთხე".

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არსებითად, Hwasong-18 შეიძლება, ჩაითვალოს შეერთებული შტატების მატერიკზე დასარტყმელ რაკეტად. ჩრდილოეთ კორეამ ის მესამედ გამოცადა. წინა ორი გაშვება მოხდა აპრილსა და ივლისში.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ინმა შესაძლოა, გააგრძელოს იარაღის პერმანენტული ტესტირება აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამავე დროს, დამკვირვებლები ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას ჯერ კიდევ სჭირდება უფრო მნიშვნელოვანი ტესტების ჩატარება, რათა დაამტკიცოს, რომ მას აქვს ფუნქციური რაკეტები აშშ–ის წინააღმდეგ.

შეერთებულმა შტატებმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ დაგმეს რაკეტის გაშვება. გაეროს უშიშროების საბჭო შეერთებული შტატების მოთხოვნით სამშაბათს შეიკრიბება ამ საკითხის განსახილველად. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მიუთითებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა არღვევს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.