დღეს დილით ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები იუწყებიან.

ფხენიანის რაიონიდან გაშვებულმა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტამ 73 წუთში დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოსთან, ეკონომიკური ზონის საზღვრებს მიღმა, ზღვაში ჩამოვარდა.

17 დეკემბერს, საღამოს ჩრდილოეთ კორეამ გამოცადა მოკლე მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტაც, რომელმაც ზღვაში ჩამოვარდნამდე დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა.

სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა დაგმეს. მათ ფხენიანი კვლავ დაადანაშაულეს გაეროს რეზოლუციების დარღვევასა და რეგიონისთვის საფრთხის შექმნაში. ჩრდილოეთ კორეამ, რომელსაც რაკეტების გამოცდა გაეროს რეზოლუციებით აკრძალული აქვს, მხოლოდ 2023 წელს 20-მდე გამოცდა ჩაატარა.