შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ანკლავიდან პალესტინელების იძულებით გადაადგილების უარყოფას.
აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ აშშ ვეტოს იყენებს იმის გამო, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას შეერთებულ შტატებს, ეგვიპტეს, ისრაელსა და კატარს შორის მოლაპარაკებებს, რომლებიც ღაზის სექტორში ომის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ცდილობენ.
„დაუყოვნებელი და უპირობო ზავის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც დაავალდებულებს ჰამასს გაათავისუფლოს მძევლები, არ გამოიწვევს მდგრად მშვიდობას. პირიქით, ამან შეიძლება გაახანგრძლივოს ბრძოლა ჰამასსა და ისრაელს შორის“, - თქვა თომას-გრინფილდმა კენჭისყრამდე.
ალჟირის მიერ მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს მხარი დაუჭირა საბჭოს ცამეტმა წევრმა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა. ეს იყო აშშ-ის მესამე ვეტო რეზოლუციის პროექტზე ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ.
ვაშინგტონმა ვეტო ასევე გამოიყენა დეკემბერში რეზოლუციის პროექტში შესწორების დაბლოკვის მიზნით.
„ამ რეზოლუციის პროექტისთვის ხმის მიცემა არის პალესტინელების სიცოცხლის უფლების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, წინააღმდეგ ხმის მიცემა ნიშნავს მათთვის მიყენებული სასტიკი ძალადობისა და კოლექტიური სასჯელის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალჟირის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ამარ ბენჯამამ კენჭისყრამდე.
გაეროში პალესტინის წარმომადგენლის, რიად მანსურის თქმით, დღევანდელი გზავნილი ისრაელისთვის ამ ვეტოთი არის ის, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობა დაუსჯელად.
ისრაელის ელჩმა გაეროში გილად ერდანმა თქვა, ზავი ემსახურება მხოლოდ ჰამასის გადარჩენას.
„ზავი ემსახურება მხოლოდ ერთს - ჰამასის გადარჩენას. ზავი არის სასიკვდილო განაჩენი ბევრი ისრაელისთვის და ღაზელისთვის," - თქვა ერდანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
შეერთებულმა შტატებმა საბჭოს შესთავაზა რეზოლუციის სხვა პროექტი.
პროექტის ტექსტში ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭო „მხარს უჭერს ღაზაში რაც შეიძლება სწრაფად დროებითი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ყველა მძევლის გათავისუფლების ფორმულის საფუძველზე და მოუწოდებს მოიხსნას ყველა ბარიერი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის."