რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად, - განაცხადა ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინმა ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომელშიც მან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინას ორი პირობა წაუყენა.

„ამ უსამართლო და არაპროვოცირებული შემოჭრის დროს დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი. მას შეეძლო დღესვე დაესრულებინა ეს, თუ მოინდომებდა. ჩვენ მოვუწოდებთ მას გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია“, - განაცხადა ოსტინმა.

თავის მიმართვაში პუტინმა თქვა, რომ უკრაინის „მომავალი არსებობა“ დამოკიდებულია ჯარების გაყვანაზე, ნეიტრალურ სტატუსზე და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.

კიევის სამხედრო მდგომარეობა გაუარესდება, თუ ის უარს იტყვის შეთავაზებაზე, - თქვა მან.

პუტინის მიმართვა გაკეთდა, ერთი მხრივ, შვეიცარიაში უკრაინის სამიტის დაწყების წინ, უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის დემონსტრირების ეფექტის შემცირების და მეორე მხრივ, ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინ, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის რუსეთის პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირების მიზნით.

ნატოს ოფიციალური პოზიციის თანახმად, უკრაინა ერთ დღეს შეუერთდება ალიანს, მაგრამ არა მაშინ, როცა ქვეყანაში ომია.

„უკრაინის მომავალი ნატოშია“, - განაცხადეს ნატოს ლიდერებმა გასულ წელს ვილნიუსში გამართულ სამიტზე.

ზოგიერთ მოკავშირეს სურს, რომ ეს გზავნილი სამიტზე უფრო მკვეთრი და ძლიერი გახდეს და გამოცხადდეს, რომ უკრაინის გზა წევრობისკენ არის „შეუქცევადი".

ოსტინმა გვერდი აუარა ამ საკითხს და მხოლოდ ის თქვა, რომ ნატოს გაფართოება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.

„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ვფიქრობ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს ალიანსის 32 წევრი მიიღებს რაღაც მომენტში, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში". - თქვა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა.

ოსტინის თქმით, ის ეჭვობს, რომ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი ექნებათ, მაგრამ ამჟამად ალიანსს სურს ფოკუსირება მოახდინოს ახალი წევრების, შვედეთისა და ფინეთის სრულ ინტეგრირებაზე.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ალიანსის წევრებს, ალბათ, სურთ სიტუაციის სტაბილიზირება და მოწესრიგება", - თქვა ოსტინმა.