23 ივნისს, მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს სულთმოფენობას - სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს.
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც.
ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადსხვა ენაზე.
სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა.ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.
ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს.