ევრო 2024-ზე F ჯგუფში მეორე ტურის მატჩები დასრულდა.

ევრო 2024-ზე F  ჯგუფის მე-2 ტურის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ თურქეთი დაამარცხა

პორტუგალია - თურქეთი 3:0(2:0)
გოლები: 22' ბერნანდუ სილვა 1:0, 29' სამეტ აკაიდინი, საკუთარ კარში 2:0, 56' ბრუნუ ფერნანდეში 3:0


თურქეთთან მოგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და ბოლო ტურის შეხვედრების შედეგების მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად საქართველოსთან დამარცხდება, თურქეთი კი ჩეხეთს მოუგებს, მას უპირატესობა თურქეთთან შეხვედრაში გამარჯვების გამო ექნება.

მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში საქართველო 4 ქულით მესამე ადგილს დაიკავებს და ამ დროისთვის სხვა ჯგუფებში არსებული სიტუაციის მიხედვით, პრაქტიკულად შეუძლებელია 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის ვერ მოხვდეს და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდეს.

საქართველო ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს იმ შემთხვევაშიც, თუ თავად პორტუგალიას მოუგებს, თურქეთი და ჩეხეთი კი ფრედ დაასრულებენ შეხვედრას, თურქეთთან თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა პირად შეხვედრაში გამარჯვების გამო თურქეთს ექნება.

საქართველოს პორტუგალიასთან, ჩეხეთის კი თურქეთთან ბურთების ერთნაირი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილს ჩეხეთი დაიკავებს, საქართველო კი, მიუხედავად მესამე ადგილზე გასვლისა, გამომდინარე ზემოთ უკვე აღწერილი სიტუაციიდან, შემდეგ ეტაპზე გავა.

პორტუგალიასთან 2 ბურთის სხვაობით და ამავდროულად, ჩეხეთის თურქეთთან ერთი ბურთის სხვაობით, ოღონდ აუცილებლად საქართველოზე ნაკლები ბურთის გატანით გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, რადგან მას ჩეხეთის მსგავსად ექნება 4 ქულა და ბურთების ნულის ტოლი სხვაობა, მაგრამ მიიღებს უპირატესობას როგორც უფრო მეტი ბურთის გამტანი გუნდი, ხოლო თუ ჩეხეთი ერთი ბურთის სხვაობით, მაგრამ საქართველოს მიერ გატანილი გოლების ტოლი რაოდენობით მოიგებს შეხვედრას, მეორე ადგილის ბედი დისციპლინარული ბარათების ნაკლები რაოდენობით გაირკვევა. ამ დროისთვის საქართველოს 5 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ჩეხეთს კი ექვსი.

თუ ეს მაჩვენებელი ორივე გუნდს თანაბარი ექნება, მაშინ უპირატესობა ევროპულ საკვალიფიკაციო საერთო რეიტინგში წინ მდგომ გუნდს მიენიჭება და ამ შემთხვევაში უპირატესობა ჩეხეთს აქვს.

შესაძლებელია, თუმცა უკვე, ცხადია, ნაკლებად რეალურია, რომ საქართველო ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდეს და ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის პორტუგალიასთან მატჩს ფრედ დაასრულებს. ასეთი ხდომილებისთვის პირველ რიგში ჯგუფის პარალელურად მიმდინარე მეორე შეხვედრაში თურქეთმა ჩეხეთს უნდა სძლიოს.