"აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული თავდასხმის რისკი არ გაუზრდია - ვლადიმერ პუტინის ინტენსიური სამხედრო განცხადებების მიუხედავად, ბირთვული თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა," - განუცხადა Reuters-ს აშშ-ის დაზვერვის ხუთმა წყარომ.
"თუმცა რუსეთი, სავარაუდოდ, გააფართოვებს ევროპის მიზნების საწინააღმდეგო დივერსიულ კამპანიას, რათა კიევის მხარდაჭერის გამო დასავლეთზე ზეწოლა გაზარდოს. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სადაზვერვო შეფასებები თანმიმდევრული იყო. ანალიტიკოსების დასკვნა არ შეცვლილა - გასულ კვირას, რუსეთის მიერ ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვება ვაშინგტონისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის ერთგვარ გაფრთხილებას ნიშნავდა. ვაშინგტონის შეფასებით, რუსეთი თავისი ბირთვული ძალებით სიტუაციის ესკალაციას არ შეეცდება.
ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავდა, ღირდა თუ არა პუტინის გაბრაზება იმით, რომ ნება დაერთო უკრაინისთვის, გამოეყენებინა ამერიკული იარაღი რუსეთის შიგნით მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის. თეთრ სახლში, პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ზოგიერთი ჩინოვნიკი შიშობდა, რომ რუსეთი შურს იძიებდა აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიურ პერსონალზე და ნატოს მოკავშირეებსაც თავს დაესხმებოდა. სინამდვილეში, ბირთვულ ესკალაციასთან დაკავშირებული შიშები გადაჭარბებულია, თუმცა უკრაინაში საერთო სიტუაცია კვლავ საშიშია. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთს დასავლეთის საპასუხოდ სხვა ფარული გზების პოვნა შეუძლია. მოსკოვი აქტიურად აძლიერებს "ნაცრისფერი ზონის" პოლიტიკას დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთს აგენტების ფართო ქსელი აქვს და მათი გამოყენების ვარიანტებს იკვლევს," - თქვა კონგრესის ორმა წევრმა ანონიმურობის დაცვით.
ასევე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დირექტორმა ანგელა სტენტმა Reuters-ს განუცხადა, რომ „რუსეთის ჰიბრიდული პასუხი შეშფოთებას იწვევს, რაც გულისხმობს რუსეთის დივერსიებს ევროპაში".
კრემლმა არ უპასუხა Reuters-ის მოთხოვნას აშშ-ის დაზვერვის შეფასებების შესახებ კომენტარის გაკეთებისთვის.