უკრაინამ რუსეთში, კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიების 40%-ზე მეტზე კონტროლი დაკარგა. ამის შესახებ Reuters უკრაინის გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტოს წყაროს თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში 1376 კვ.კმ-ს აკონტროლებდნენ, თუმცა ახლა დაახლოებით, 800 კვ.კმ-ი აქვს დაკავებული.
ამასთან, Reuters წყაროს განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავენ რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენას "მანამ, სანამ ეს სამხედრო თვალსაზრისით მიზანშეწონილი იქნება".
ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთმა კურსკში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შემდეგ, ამ ოლქის სიახლოვეს დაახლოებით, 59 000 სამხედრო მოსამსახურე განალაგა. უკრაინის გენშტაბის წყარომ Reuters ასევე დაუდასტურა, რომ კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეიდან 11 000 სამხედრო მოსამსახურე ჩაივანეს, თუმცა მათი უმრავლესობა კვლავ მომზადებას გადის.
ამავე წყაროს თქმით, ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხრიდან დაახლოებით, 575 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. რუსეთს სურს, მათი რაოდენობის 690 000-მდე გაზრდა.
ჟურნალისტების განმარტებით, კიევის მთავარი ტაქტიკა ფრონტზე რუსული მომარაგებისა და ლოგისტიკის ჯაჭვების დარღვევაში მდგომარეობს. ამისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალები დარტყმებს ახორციელებენ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობებზე, აეროდრომებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე.