აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს, - იტყობინება Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროების ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინას, რუსეთის ჯარების წინსვლის შესაჩერებლად, აშშ-ის მარაგებიდან სხვადასხვა სახის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდოს, მათ შორის სახმელეთო ნაღმები, დრონები, Stinger-ის რაკეტები და საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS).

ამასთან, მოსალოდნელია, რომ პაკეტში შევიდეს კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც, როგორც წესი, გვხვდება HIMARS-ის მიერ გაშვებულ რაკეტებში.

Reuters-ი წერს, რომ შეიარაღების პაკეტის შესახებ კონგრესს ოფიციალურად, შესაძლოა, ორშაბათს აცნობონ. მისი შემადგენლობა და ზომა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ბაიდენის ხელმოწერამდე, შეიცვალოს.