ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ბულგარელ კოლეგასთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სოფიას მიერ აშშ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, სამხედრო თვითმფრინავების განთავსება ამერიკული სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, ირანის წინააღმდეგ აგრესიის ხელშეწყობას ნიშნავს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიუღებელია და ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

ბულგარეთში აცხადებენ, რომ ბაზაზე არ განთავსდება იარაღი, რომელიც შეტევითი ოპერაციებისთვის იქნება გამოყენებული და ეს გადაწყვეტილება ქვეყანას სამხედრო ოპერაციის მონაწილედ არ აქცევს.

ამასთან, არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კონსტანტინოს კომბოსთან. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვიპროსში არსებული უცხოური სამხედრო ბაზები ირანის წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული.