გასულ წელს დავაანონსეთ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის, რომ დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელზეც სამინისტროს წარმომადგენლები და მსოფლიო ბანკის ექსპერტები მუშაობდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„რეფორმის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ. მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს იმ საჭიროებებზე, რომლებიც დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ კვლევითი კომპონენტები, სამეცნიერო პროექტების განხორციელება და ინტერნაციონალიზაცია. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. დღეს გავმართეთ სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q)“ მართვის ჯგუფის წევრებთან და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მომუშავე ექსპერტებთან. ერთად გავდივართ ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ დაფინანსების მოდელის კონკრეტულ ასპექტებთან“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული.
„ვინაიდან ეს პროცესი უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რ ათქმა უნდა, უნივერსიტეტების და მათი ხელმძღვანელების ჩართულობა არსებითად მნიშვნელოვანია. ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ საქმეზე ორიენტირებული, შეჯერებული, ყველასთვის მისაღები შედეგი მივიღოთ, რაც ხელს შეუწყობს, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსურ მდგრადობას, ასევე მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. მოგეხსენებათ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს.
ამის გათვალისწინებით, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული, უზრუნველყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსური სტაბილურობა და მდგრადობა, რაც უნივერსიტეტებს განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
დღეს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (I2Q)“ მართვის ჯგუფის წევრები, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მომუშავე ექსპერტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.











