ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობა „უპრეცედენტო გარე ზეწოლის“ გამო გაწყვიტა.
სეპარატისტების თქმით, მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი 2009 წლის 15 დეკემბერს დაიწყო. თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „თანამშრომლობის განვითარებას წინააღმდეგობა შეხვდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან“.
ნაურუს წინააღმდეგ „გამოიყენეს მოხრჩობისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟიდან და უხეში დიპლომატიური ზეწოლიდან დაწყებული, აშკარა ფინანსური და ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სანქციებით დამთავრებული, რაც ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვას ისახავდა მიზნად“.
ნაურუს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარონ ვაკამ, ღიად ისაუბრა ამ ზეწოლაზე აფხაზეთში ვიზიტის დროს. ამავდროულად, ქვეყნის ყოფილმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება სახელმწიფო თანასწორობის პრინციპების და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევის დაუშვებლობის მიმართ. - ნათქვამია ეგრეთ წოდებული სამინისტროს განცხადებაში.




