ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო, რომელიც, მისი განცხადებით, მოსკოვმა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაააქტიურა.

„ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ შესაძლოა, შუამავლებს მისცეს დრო, იპოვონ გზა დიპლომატიისკენ დაბრუნებისთვის და თავიდან აიცილონ სრულმასშტაბიანი ომის განახლება“, – წერს კაია კალასი.

მანვე დადებითად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასა და აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი, რომლის მიზანიც დაძაბულობის შემცირება იყო.

ამასთან, კაია კალასმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, შეწყვიტოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა.

„მოვუწოდე ირანს, დაასრულოს რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა. მოსკოვი უკრაინაში სულ უფრო მეტ მშვიდობიან მოსახლეობას აყენებს ზიანს, ხოლო ნებისმიერი სახის რესურსი, რომელსაც ის იღებს, ეხმარება კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოკვლაში. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება“, – განაცხადა კაია კალასმა.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"