პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და 85 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა მისგან გამომდინარე კანონპროექტებს.
ცვლილებათა პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონიდან იმ ნორმების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მართვას, სააგენტოს მართვის ორგანოს (საბჭოს) და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებს ეხება.
როგორც საკითხის წარდგენისას ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, „კონკურენციის შესახებ“ კანონში 2020 წელს ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ფორმის შეცვლას ისახავდა მიზნად.
ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, საბჭოს შექმნის თაობაზე ცვლილება, თავდაპირველად 2021 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში. ამ თარიღმა შემდეგში რამდენჯერმე გადაიწია. მისივე თქმით, ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან მიმართებით, რიგი გამოწვევები არსებობს, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს მატერიალურ - ტექნიკურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის წლიური სახსრების გამოყოფასთან.
„საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულებით სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ არარელევანტურია მისი ინსტიტუციური მოწყობის ცვლილება. გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს მატერიალურ რესურსებთან, მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფასთან. ყოველივეს გათვალისწინებით, სამართლებრივად აზრს კარგავს „კონკურენციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების ამოქმედება. ამგვარად, მიზანშეწონილია, რომ კანონიდან ამოვიღოთ ის ნორმები, რაც სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებას ეხება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს, 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.
პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით იხილავს.