NATO– ს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-NATO–ს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"NATO– ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ალიანსმა გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იგი მიესალმა გერმანიის ბოლო გადაწყვეტილებას უკრაინაში დამატებითი "პატრიოტის" სისტემის გაგზავნის შესახებ. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, პატრიოტების გარდა, არსებობს სხვა სისტემები, რომლებიც მოკავშირეებს შეუძლიათ უზრუნველყონ, მათ შორის SAMP/T.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში დანიამ ახალი ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ, ხოლო ნიდერლანდებმა გამოაცხადა დამატებითი 4 მილიარდი ევროს გამოყოფა სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩეხეთმა კი დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივის წყალობით ნახევარი მილიონი ჭურვი შეიძინა.