NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებს აქვთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დააკმაყოფილონ უკრაინის საჭიროება და სისტემების ნაწილი გადასცენ. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების, დანიისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების მიწოდებას, ვიდრე საკუთარი თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული მიზნების შესრულებას.

„უკრაინას მეტი სჭირდება. ასე რომ, მოკავშირეები თუ დადგებიან არჩევანის წინაშე, NATO-ს თავდაცვითი მიზნების შესრულებასა და უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევას შორის, ჩემი გზავნილი ნათელია: გაუგზავნეთ მეტი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.