ამის შესახებ ინფორმაციას სერბული მედია აქვეყნებს.

ქართული წარმოშობის სერბ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, ზურაბ დათუნაშვილს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ 2021 წლის აპრილის შემდეგ საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული ყველა მედალი ჩამოართვა და 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ზურაბ დათუნაშვილი 2020 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. მან საქართველოს სახელით ორჯერ (2016 და 2017 წლებში) მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი. 2020 წლიდან, მას შემდეგ რაც 2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში რობერტ კობლიაშვილთან შორის შეხვედრის შემდეგ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან ჩხუბი მოხდა, იგი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტის, სერბი ნენად ლალოვიჩის ხელშეწყობით სერბეთში გადავიდა და სერბეთის სახელით ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა (2021 წლის აპრილში), შემდეგ ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2021 წლის აგვისტოში), ბოლოს, ორჯერ კი, მსოფლიო ჩემპიონი (2021 წლის ოქტომბერში და 2022 წლის სექტემბერში).  2023 წელს მან ოფიციალურად განაცხადა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ.

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ დაადგინა, რომ ზურაბ დათუნაშვილმა ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე შარდის ნიმუშის გაყალბება ტესტირების დროს სცადა, 2022 წელს დოპინგტესტს თავი აარიდა და თავის გასამართლებლად ყალბი ვიდეო წარადგინა. 

სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ უარყო  ზურაბ დათუნაშვილის სააპელაციო საჩივარი საერთაშორისო ტესტირების სააგენტოს გადაწყვეტილებაზე და 2021 წლის აპრილის შემდეგ მოპოვებული მედლების ჩამორთმევის და 5-წლიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გამოტანილი ვერდიქტი ძალაში დატოვა. 

ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას სერბეთის პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპორტული სააგენტოები აღნიშნავენ, რომ დათუნაშვილის მიერ მოპოვებული ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი (სერბეთის მიერ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობის ორივე სახეობაში მოპოვებული ერთადერთი მედალი) ახლა უკვე მასთან შეხვედრაში დამარცხებულ  ხორვატ მოჭიდავეს, ივან ხუხლეკს, გადაეცემა. 

ზურაბ დათუნაშვილს, რომელიც ოლიმპიური თამაშების შემდეგ აცხადებდა, რომ ახლა მას უკვე შეიძლება დაუძახონ ზორან ზურაბ დათუნაშვილიჩი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მოპოვება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ინსტაგრამზე მიულოცა („ძვირფასო ზურაბ! ვულოცავთ სერბეთის ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთ მედალს! თქვენ დაგვანახეთ, რომ ნამდვილი მებრძოლი არასდროს ნებდება. მადლობა თქვენ თქვენი განსაკუთრებული ენერგიულობისა და ჟინისთვის! ბრავო, ზურაბ!“), 2022 წელს კი იგი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთში გადასვლის შემდეგ მუდმივად აკეთებდა პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს. 2021 წლის აპრილში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ მან განაცხადა, რომ მედალს ნიკა მელიას უძღვნიდა, 2021 ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ კი ფეისბუქზე ვიდეო დადო, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და მისი გათავისუფლება მოითხოვა.



2024 წლის 13 თებერვალს ნიკა გვარამია მის პოლიტიკურ გუნდში დათუნაშვილის შესვლას მიესალმა.



თავად ზურაბ დათუნაშვილმა 2024 წლის 1 მარტს ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ერთვება „ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად“.  2024 წლის დეკემბერში ზურაბ დათუნაშვილი თბი
ლისში, თავისუფლების მოედანზე, ძალადობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.  სერბეთის პრესა მაშინ წერდა, რომ სერბ სპორტსმენს, რომელმაც ქვეყანას ძალიან ფასეული მედალი მოუპოვა, ცხრაწლიანი სასჯელი ემუქრებოდა. საბოლოოდ, სასამართლომ ზურაბ დათუნაშვილი დამნაშავედ ცნო წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში თუმცა სასჯელად მას მას სიტყვიერი გაფრთხილება აკმარა.