ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, მსურს, გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეში განაცხადა.

რევაზ სოხაძემ სოფელ წკერეშიქვეშეთი-კობის გზის მშენებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია გუშინ გზის მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. მან ასევე  დაათვალიერა ის უბანი, სოფელ წკერესთან, სადაც საყრდენი კედლის მოწყობისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლას ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

„შესაბამისი კონტრაქტებით, პასუხისმგებლობას სრულად იზიარებენ როგორც სამუშაოების მწარმოებელი, ისე საზედამხედველო კომპანიები. სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი დეტალურად სწავლობენ მომხდარს. შინაგანმა საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, და როდესაც გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საგზაო დეპარტამენტმა გუშინვე გაავრცელა ოფიციალური  განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  და გააკეთებს მაქსიმალურს, რათა კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება სრულად შეასრულონ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია  სამუშაოების ხარისხი და ვადების მკაცრი დაცვა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა  მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხო შრომის პირობები“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა, ასევე შეაფასა ზოგიერთი მედია საშუალების მცდელობები გამოიყენოს შემთხვევა პოლიტიკური მიზნებისათვის.

„მინდა, მოვუწოდო ჟურნალისტებს იყვნენ მაქსიმალურად ობიექტურები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას და არ გამოიყვანონ, ეგრეთ წოდებულ, ექსპერტებად ის ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა პირადი ანგარებითი ინტერესი გააჩნდეთ  ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რომ ქვეშეთი–კობის გზა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.

„ეს  მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის,  ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდეს, მაგრამ კვლავ ვადასტურებ – ჩვენთვის უმთავრესი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხო შრომის უფლებაა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს უფლება ყველა ობიექტზე სრულად იყოს დაცული“, – აღნიშნა მინისტრმა.