ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე დაიბარეს, თუმცა მისვლას არ აპირებს. formulanews.ge
"დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობას არ ვაპირებ, არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული. დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ. წინასწარ ცნობილია, რომ რეჟიმი ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს. გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში წარმოებული არათუ თავდაცვითი მოქმედებები ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის და თავდაცვის ძალების არამარტო უფლება - კონსტიტუციური ვალდებულებაა.
საერთოდ გაუგებარია რისი გაგება სურთ ჩემგან, რასაც ლამის ყოველდღე სატელევიზიო ეთერში არ ვამბობ, თუმცა თუ რამ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ და ჩემი მოსაზრება აინტერესებთ - მობრძანდნენ ეთერში და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ოღონდ როგორც ჟურნალისტი აუცილებლად დავუსვამ კითხვას რატომ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანას უცვლიან გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, რატომ არღვევენ ყოველ დღე ადამიანის უფლებებს, რატომ აღატაკებენ ქვეყანას და ხალხს აიძულებენ უცხოეთში გადაიხვეწონ ოჯახებით, რატომ აუქმებენ მრავალპარტიულობას და რატომ ამსგავსებენ საქართველოს პროვინციულ რუსეთს. გუბერნიას, რომელზეც უარიც ზუსტად 34 წლის წინ მთელმა ერმა თქვა და რომლის ისტორიის გადაწერას და მომავლის გამრუდებასაც სახელმწიფოს მიმტაცებელი რეჟიმი ცდილობს"- აცხადებს თარგამაძე
ინფორმაციას formulanews.ge ავრცელებს.