მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს ანაზღაურება გაეზრდებათ. 

შესაბამისი ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 600 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის – არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. ცვლილებით კი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების – არანაკლებ 1 250 ლარი.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის აკადემიას, აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 450 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის – არანაკლებ 900 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით, ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის არანაკლებ 1 250 ლარი.

ცვლილებების მიხედვით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალური ანაზღაურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას გაუთანაბრდება.