თქვენ, როგორც სამშვიდობო ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, აგიფარათ, რადგან მოსახლეობა გენდობოდათ, ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე, ჩემი აზრით, გაგწირეს თქვენც და მოსახლეობაც, – ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსს, მამუკა ყურაშვილს.
მისი თქმით, სინამდვილეში, საომარი მიმართულების რეალური ხელმძღვანელი იყვნენ ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე.
„ჩვენი სახელმწიფოს მტრებთან ფერებით საუბარი კი არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ეთნიკურად, წარმომავლობით და პასპორტში რა უწერია, მტერი არის მტერი. ამიტომ, ჩვენ არსად მივდივართ, 5 მაისამდე ვმუშაობთ. სურვილი თუ გაგიჩნდებათ, რომ იმ მტრული განცხადებების ავტორებს სათანადო მიეზღვათ და განცხადებას ვინ ჩივის, მტრული გადაწყვეტილებების ავტორებს, ზოგი „ვივამედში“ რომ ბინადრობს, ზოგი – სად და ზოგი – სად, რომლებმაც ჯარი გაწირეს. ვიდრე ცოცხალი ვიქნები, სიკვდილის წუთამდე მემახსოვრება, რაც თქვენ მიპასუხეთ, თქვენ რასაც ამბობთ, ამას, შეიძლება, საფუძველი ჰქონდეს. იმას, რომ, ჩემი რწმენით, ფაქტებზე დაფუძნებული რწმენით, თქვენ, როგორც სამშვიდობო ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ეს იყო ასე – აგიფარათ, რადგან მოსახლეობა გენდობოდათ, ამიტომ მიგავლინეს იმ მიმართულებაზე, ჩემი აზრით. სინამდვილეში, იმ მიმართულების რეალური ხელმძღვანელი, რომელიც საომარი მიმართულება იყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, ორივე პოლიტიკური თანამდებობის პირი, და მოსახლეობაც და თქვენც გაგწირეს.
ახლა თქვენ აქ დამდგარხართ, თქვენ და ბატონი ზაზა გოგავა, ყველაფერს – თქვენ ნაკლებად – ყველაფერს, ცდილობთ, თქვენ დაიბრალოთ. რაც არ უნდა დაიბრალოთ, ფაქტები არის ჯიუტი, რომ ამ ქვეყანას ჰყავდა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ხელისუფლება, რომელიც ჯარსაც სათამაშოდ თვლიდა, ქვეყანასაც, მის სუვერენიტეტსაც და საერთოდ არ აინტერესებდა, რა მსხვერპლი იქნებოდა. მთავარი იყო, რომ სააკაშვილს ერბინა თავისი ტრიბუნით ჟურნალისტების კოჰორტასთან ერთად და წარმოჩენილიყო ახალ დავით აღმაშენებლად. ეს იყო წამყვანი და, პარალელურად, ეკეთებინათ ბევრი ფული. რაც მეტი იარაღი დაგჭირდება, მით მეტია ფული კეზერაშვილისთვის. ამის მსხვერპლი რომ იყო ამდენი სამხედრო, გენერლიდან დაწყებული, რიგითით დასრულებული, არა მხოლოდ სამხედრო, თავდაცვის ძალების წევრი, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალების და მათი წევრებიც, ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს აღარ განმეორდეს არასდროს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.