ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა დაბა სურამში, მულტიფუნქციური ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც თენგიზ ჩიტიაშვილმა აღნიშნა, მულტიფუნქციური ცენტრი ცენტრალურ სკვერში მდებარე კინოთეატრის ყოფილ შენობაში განთავსდება.
„მუნიციპალიტეტმა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო, რომ კინოთეატრის შენობა საკუთრებაში გადმოსცემოდა და დაიწყო შენობის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული შენობა სამუსიკო სკოლასა და სურამის ბიბლიოთეკას გააერთიანებს. აქვე გადავა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც. განახლებული შენობა სურამის ცენტრს ახალ ხიბლსა და სიცოცხლეს შეჰმატებს“, - აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
სურამის მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 1 941 000 ლარს შეადგენს.