დაბა სურამში, ცენტრალურ სკვერში მულტიფუნქციური ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრი ყოფილი კინოთეატრის შენობაში განთავსდება.
სურამში კინოთეატრი დიდი ხანია არ ფუნქციონირებს. განსაკუთრებული ძალისხმევა მივმართეთ კინოთეატრის შენობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოსაცემად. ამჯერად, მუნიციპალიტეტი კინოთეატრის შენობის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რეაბილიტირებული შენობა სამუსიკო სკოლას და სურამის ბიბლიოთეკას გააერთიანებს. აქვე გადავა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც.
„განახლებული შენობა ჩვენი საყვარელი სურამის ცენტრს ახალ ხიბლსა და სიცოცხლეს შემატებს. მისი დიზაინის მომზადებაში უშუალოდ ვიყავი ჩართული და ვფიქრობთ, სურამელებს მოეწონება“, - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.
დაბა სურამში, ცენტრალურ სკვერში არსებული კინოთეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებს მთლიანად მუნიციპალიტეტი აფინანსებს. პროექტის ღირებულება 1 941 000 ლარს შეადგენს.