ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მიმდინარე ინფრასტრუქუტულ პროექტებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნენ.

ამჟამად დაბა სურამში 11 ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

გარდა საგზაო ინფრასტრუქუტურისა, მიმდინარეობს სურამის ცენტრალური სტადიონისა და ყოფილი კინოთეატრის შენობის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ცენტრალური სტადიონის პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული ტრიბუნების დემონტაჟს, დამცავი კედლის მშენებლობას, სადრენაჟე სისტემის მოწყობასა და გასახდელების რეაბილიტაციის სამუშაოებს. სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1 041 230 ლარს შეადგენს.

სურამის ცენტრალურ სკვერში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის განთავსება იგეგმება. კინოთეატრი დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ამჟამად კი შენობა უკვე მუნიციპალიტეტს საკუთრებაშია და მისი სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განახლებული შენობა სამუსიკო სკოლასა და სურამის ბიბლიოთეკას გააერთიანებს. აქვე განთავსდება სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც. სურამის მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

საკურორტო დაბა სურამის განახლებული ინფრასტრუქტურით სარგებლობას, ადგილობრივ მცხოვრებელებთან ერთად, დამსვენებლებიც შეძლებენ.