ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა და მერის მოადგილე ზვიად გოგუაძემ დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, მიხეილ მურვანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს, მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და ქართველი მეტყევისა და მეცნიერის ფასდაუდებელ ღვაწლზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარემ, მეტყევისა და მეცნიერის ხსოვნის უკვდავსაყოფად არაერთი ინიციატივა წამოჭრა და განხორციელების გზები დასახა. აღსანიშნავია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სამუზეუმო გაერთიანებაში დაცული მასალების მიხედვით, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა მზია ლობჟანიძემ მიხეილ მურვანიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შეადგინა კრებული, რომელიც გამოიცა 2024 წელს. წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ბუნების ამაგდარის, ქართველი მეტყევის, საქართველოში ტყის გაშენების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ტყეების დაცვის, მოვლისა და აღდგენის საქმის დიდი ენთუზიასტის, საზოგადო მოღვაწის და სამაგალითო ადამიანური თვისებებით შემკული პიროვნების, მიხეილ მურვანიშვილის ცხოვრება და ღვაწლი საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებში. სწორედ მიხეილ მურვანიშვილის წყალობით შეიძინა სურამმა უნიკალური კურორტის დანიშნულება. მიხეილ მურვანიშვილი გარდაიცვალა 1959 წელს. დაკრძალულია სურამში ბაიანთხევის ტყეში.