ქ. ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 69-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის კოლეგა უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მარეგულირებელ ორგანოსა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის ახალი ფორმატების განხილვას, მათ შორის, ერთობლივი კრიტერიუმებისა და სტანდარტების შემუშავებას, სპეციალისტთა შორის პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებასა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას.

შეხვედრა გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის ბირთვულ მარეგულირებელ ორგანოსა და სახელმწიფო ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. თურქეთის მხარემ წარადგინა ბირთვული სექტორისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების ისტორია. მხარეებმა გააზიარეს გამოცდილება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიების რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საფუძველია გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეფექტიან კოორდინაციასა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.

კონფერენციის ფარგლებში ნინო უტიაშვილმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის ინდუსტრიული, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე რაფიკოვ აბდუვაკოს ვოჰიდოვიჩთან და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრის დირექტორ ტაშკენტბაიევ იბრაგიმთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ბირთვული ენერგიის განვითარების გეგმები უზბეკეთში და ამ პროცესში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა ნარჩენების მართვისა და კვლევითი რეაქტორების დეკომისიის საკითხებში თანამშრომლობის მიმართულებით.

ქართული მხარისა და ტაჯიკეთის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სააგენტოს დირექტორის შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა ერთობლივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ორმხრივი ურთიერთობების საფუძვლის შექმნა დაიწყება მემორანდუმის გაფორმებით. ტაჯიკურმა მხარემ სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი, ნინო უტიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში მიიწვია, საქართველოს მხრიდან გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობისადმი, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ აღიარებული ტაჯიკეთის რეგიონული სასწავლო ცენტრის საქმიანობის გაზიარების მიმართულებით.