„Starring Georgia“ ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციისა და ტექნიკური განახლების პროცესს იწყებს. ეს გადაწყვეტილება შენობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

უკვე წლებია, საკონცერტო დარბაზი მოძველებულია, ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია და არ შეესაბამება თანამედროვე საკონცერტო სივრცისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს არ აქვს რესურსი, მაღალი სტანდარტით უმასპინძლოს ღონისძიებებს და არსებული გამოწვევების ფონზე, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქს დაუბრუნდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მთავარი საკონცერტო სივრცე, რომელიც კვლავ შეასრულებს თბილისის მთავარი კულტურული ცენტრის ფუნქციას.
შენობის განახლება მისი ფუნქციური დანიშნულების არსებით გაფართოებას გულისხმობს. კულტურული ძეგლის სტატუსის გათვალისწინებით, შენობის ავთენტური იერსახე შენარჩუნდება და ამასთანავე გარემონტდება შიდა სივრცე, ტექნიკური მხარე კი, სრულად მოდერნიზდება. ფილარმონია აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მაღალი ხარისხის ხმისა და განათების სისტემებით, რაც საშუალებას მოგვცემს, უმასპინძლოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებს.
პროექტის მიზანია, ფილარმონია იქცეს თანამედროვე ხელოვნების აქსელერატორად, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. შენობის ადმინისტრაციულ ნაწილში განთავსდება: ხმის ჩამწერი სტუდია, სახელოსნო — სცენის მხატვრებისთვის, სკოლა — კრეატიული ინდუსტრიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ექსპერიმენტული სცენა, სოციალური სივრცე და ფილარმონიის მუზეუმი.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში გასართობი ინდუსტრიის განვითარებას. ეს დაეხმარება არტისტებს თვითრეალიზაციასა და პროფესიულ ზრდაში, გაზრდის ქვეყანაში შემოქმედებით მრავალფეროვნებას და შექმნის პლატფორმას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღონისძიებისთვის.
ამავდროულად, ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მისი ისტორიის ახალი თაობებისთვის გადასაცემად, იწყება პროექტი – „ფილარმონია დროის კადრები“, რომლის ფარგლებშიც, უკვე მიმდინარეობს შენობაში შემორჩენილი ღირებული აუდიო, ვიდეო, ფოტო და დოკუმენტური მასალების აღრიცხვა და გაციფრულება. ამგვარად, პროექტის ფარგლებში, შენარჩუნდება მნიშვნელოვანი ისტორიული მეხსიერება და გაძლიერდება ახალგაზრდა თაობის ემოციური კავშირი ფილარმონიასთან – იმ კულტურულ სიმბოლოსთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მუსიკალური ცხოვრების მთავარ კულტურულ ჰაბს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის შენობა „Starring Georgia-ს“ ეკოსისტემის ნაწილი 2024 წლიდან გახდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ხელმისაწვდომობის გაზრდა არსებულ სერვისებსა თუ სივრცეებზე. განახლებული ფილარმონია ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
უკვე 3 წელია, რაც „Starring Georgia“ წარმატებით ფუნქციონირებს. ამ გუნდმა ქვეყანაში ისტორიული პრეცედენტები შექმნა და საქართველო მსოფლიო გასართობის ინდუსტრიის რუკაზე გააჩინა. ამ დროის განმავლობაში, მათ მიერ ორგანიზებულ კონცერტებს 200 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ქვეყანაში ჩამოვიდა 40 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტი, საქართველომ კი, უმასპინძლა ისეთ მსოფლიო დონის არტისტებს, როგორებიცაა: Guns N' Roses, Bruno Mars, Imagine Dragons, Justin Timberlake, Scorpions, The Killers და სხვები.