შვედეთი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ შვედეთის და პირადად მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას პლატფორმა X-ზე უპასუხა

„ძვირფასო ვიქტორ,

მესმის, რომ თქვენი ქვეყანა საარჩევნო კამპანიის შუაგულშია და ამჯერად თქვენ ნამდვილად გიწევთ ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

მაგრამ ჩვენ არ ვერევით თქვენს საარჩევნო კამპანიაში და არც გვსურს მის ნაწილი გავხდეთ.

როგორც თქვენ იცით, შვედეთი და შვედი ხალხი ყოველთვის იყვნენ უნგრეთისა და უნგრელი ხალხის მეგობრები. ჩვენ ვიყავით უნგრეთის მეგობრები თქვენს მთავრობამდე, ვართ თქვენი მმართველობის დროს და ასეთები დავრჩებით თქვენი მმართველობის შემდეგაც.

ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიწყო ჰიტლერმა ებრაელების გენოციდი უნგრეთში და როგორ გაგზავნა 1944 წელს შვედეთმა დიპლომატი რაულ ვალენბერგი სპეციალური მისიით ბუდაპეშტში, რათა რაც შეიძლება მეტი უნგრელის სიცოცხლე გადაერჩინა.

ათიათასობით უნგრელი ებრაელი გადარჩა, რადგან ჩვენ მათ დროებითი დამცავი პასპორტები და მოქალაქეობა მივეცით აქ, შვედეთში. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა კავშირი უნგრეთში შეიჭრა, რაულ ვალენბერგი ძალით გადაიყვანეს მოსკოვში და გაუჩინარდა.

შვედი დიპლომატი გარდაიცვალა, მაგრამ ათიათასობით უნგრელი გადარჩა. ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ.

ასევე გვახსოვს, როგორ სასტიკად ჩაახშო საბჭოთა კავშირმა თქვენი უნგრეთის ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის 1956 წელს და შემდგომში ქვეყნის დემოკრატიზაციის მცდელობისთვის როგორ დასაჯეს სიკვდილით პრემიერ-მინისტრი იმრე ნადი. 

როდესაც საბჭოთა ტანკებმა უნგრეთის თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩაახშვეს, უნგრეთმა ხალხმა დახმარებისთვის გაეროს და ყველა დასავლურ ძალას მიმართა. თითქმის არავინ მოუსმინა. თუმცა შვედეთი იყო ის ერთი  ქვეყანა, რომელმაც თქვენ მიმართ ღრმა სოლიდარობა გამოხატა.

ჩვენ ჩავეხუტეთ თქვენს თავისუფლებისთვის მებრძოლებსა და დისიდენტებს. ჩვენ საშუალება მოგეცით, აქ ემიგრაციაში საბჭოთა კომუნიზმის წინააღმდეგ ოპოზიცია ჩამოგეყალიბებინათ, მიუხედავად ჩვენი პოზიციისა მიუმხრობლობაზე. ეს ჩვენთვის უსაფრთხო არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთეთ ეს, რადგან ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

დღეს შვედეთში 40 000-ზე მეტი უნგრული წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი იმ უნგრელი ლტოლვილების შთამომავალია, რომლებიც აქ 1956 წლის აჯანყების შემდეგ ჩამოვიდნენ. ისინი ჩვენს შვედურ საზოგადოებაში იმიგრანტების კარგად ინტეგრირებულ ჯგუფს წარმოადგენენ.

დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს მაშინაც ეხმარებოდნენ და ახლაც ეხმარებიან და ისინი ეწინააღმდეგებიან იმ ქვეყნებს, რომლებიც სხვების ჩაგვრას ცდილობენ.

სწორედ ამიტომ, ისევე როგორც 1944 და 1956 წლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ ქვეყნებს, რომელთა დაპყრობასაც რუსული ტანკები ცდილობენ. მაშინ საქმე უნგრეთს ეხებოდა; დღეს კი უკრაინას. და თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანას შეეხოს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ხშირად გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო წლებში უნგრეთში განვითარებული მოვლენების გამო. საბოლოო ჯამში უნგრეთმა მიაღწია თავისუფლებას, მაგრამ თავისუფლება დაცვას საჭიროებს.

სწორედ ამიტომ გვიჩნდება კითხვები, როდესაც ყავის დასალევად მიდიხართ იმავე ქვეყნის ლიდერთან, რომელმაც 1956 წელს თქვენი თანამემამულეების თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩაახშო და დღეს თქვენს მეზობელ უკრაინას ესხმის თავს.

ვერც უნგრეთი და ვერც დასავლეთი ვერ გაძლიერდება ევროპელი მეგობრებისთვის კარების დაკეტვით ან ერთმანეთზე და დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე ანუ იმაზე თავდასხმით, რაც გვაშორებს ბარბაროსობისგან.  

ნება მიბოძეთ დავასრულო რამდენიმე ბრძნული წინადადებით, რომელიც თქვენ 2007 წელს თქვით:

„როგორც დასავლეთის ახალი თაობას, ჩვენ გვინდა მოვუწოდებთ ჩვენზე ახალგაზრდებს, დაიცვან უნგრეთის დასავლური მოდელი, არ დაუშვან უნგრეთის დასავლური გზიდან გადახვევა და უყვარდეთ უნგრეთი იმის გამო, რომ ის არის დასავლური ტიპის ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა ხალხის თავისუფალი ნების და ერთმანეთის მიმართ ჩვენი ორმხრივი პასუხისმგებლობის, რომელიც დასავლური კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ნავთობი შეიძლება აღმოსავლეთიდან მოვიდეს, მაგრამ თავისუფლება ყოველთვის დასავლეთიდან მოდის. დემოკრატია არ შეიძლება ზემოდან იყოს დაწესებული; მას მხოლოდ ხალხის გულებიდან შეუძლია გაიზარდოს და ამით შექმნას სიცოცხლისუნარიანი უნგრული ცხოვრების წესი“.

დასასრულს, მინდა გამოვხატო შვედეთის პატივისცემა უნგრელი ხალხის მიმართ და ვუსურვო თქვენს ქვეყანას თავისუფალი, მშვიდობიანი და წარმატებული არჩევნები“, - წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.