არჩევნებზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი იყო ერთ-ერთი ცენტრალური საარჩევნო საკითხი - ქართველმა ხალხმა არჩევნებზე გამოხატა თავისი პოზიცია, რომ იგი დგას ამ კანონების უკან. ასე, რომ ერთი ცრუ ნარატივი დასრულდა, როდესაც უცხოელი აქტორები ჩვენ გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

იგი გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ ხელისუფლებამ გააუქმოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკვე ძალიან თვალში საცემია ის, რომ ძალიან ბევრი აქტორის განცხადებაში რატომღაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი არჩევნებთანაა დაკავშირებული. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ არარელევანტურად ხდება კანონის მიღების დაკავშირება არჩევნებთან.

„ის, რომ ჩვენ და ევროკავშირი ვერ ვთანხმდებით ამ კანონთან დაკავშირებით, ეს სიახლე არ არის. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რომ იცოდეს უცხოური დაფინანსება საიდან მოდის და რაში იხარჯება. ჩვენ გვიმტკიცებდა, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი აქტორი, რომ ქართველი ხალხი ამ კანონის წინააღმდეგია. სამი ბალტიისპირელი მინისტრი გამოვიდა მიტინგზე, გაეროს წესდებითა და ვენის კონვენციის დარღვევით ჩაერია ჩვენს შიდა პოლიტიკა ში - რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, გახსოვთ, ბუნდესტაგის დეპუტატი, მიტინგზე გამოვიდნენ და გვიმტკიცებდნენ, რომ ქართველ ხალხს არ სურს ეს კანონი.

არჩევნებზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი იყო ერთ-ერთი ცენტრალური საარჩევნო საკითხი - ქართველმა ხალხმა არჩევნებზე გამოხატა თავისი პოზიცია, რომ იგი დგას ამ კანონების უკან. ასე, რომ ერთი ცრუ ნარატივი დასრულდა, როდესაც უცხოელი აქტორები ჩვენ გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით. გვეუბნებოდნენ, რომ ეს გინდათ თქვენ, ხელისუფლებას, თორემ ხალხს ეს კანონი არ უნდა. ხომ დადასტურდა ამ არჩევნებით, უპრეცედენტო შედეგით, თუ რამდენად უჭერს მხარს ქართველი ხალხი ამ კანონს. ამიტომ, ეს ერთი შედეგი ყველამ უნდა მიიღოს, რომ ეს არის ქართველი ხალხის მანდატით მიღებული კანონები.

ფაქტია, ჩვენ ვერ ვთანხმდებით მარტივი მიზეზის გამო. არ ვიცი, რატომ არის ეს პრობლემა ევროკავშირისთვის, რომ მისი ყველა დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. ფაქტია, რომ ეს არის პრობლემა და როგორც ჩანს, ევროკავშირს არ სურს, ყველა მისი დაფინანსება იყოს გამჭვირვალე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED), რომლის სტრუქტურაში არიან ევროპარლამენტარები, ოფიციალური პირები არიან, ვინც მართავენ მას და რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და წევრი ქვეყნების შენატანებიდან ფინანსდება. ეს არის ევროკავშირის ფული, რომელიც საქართველოში იხარჯება. შემთხვევით აღმოვაჩენთ-ხოლმე, რომ ამ ფულით ფინანსდებიან პარტიები მაგალითად, „დროა“, ფინანსდება რადიკალური ჯგუფები, მაგალითად სირცხვილია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია; ამოვაჩენთ-ხოლმე, რომ ამ ფულით ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები და ამაზე ვესაუბრებოდით ზუსტად, რომ ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED), როდესაც საქართველოში შემოდის, რაში ხარჯავს ფულს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.