ვიღაცას არ მოეწონა, ქართველი ხალხის არჩევანი რაც არის, ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი აქედან და დანიშნონ ის, ვინც უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აბსოლუტური აბსურდია, რასაც აკეთებენ „ენჯეოები“ და აქ უკვე დგება მათი დონორების პასუხისმგებლობა.
„ვხედავთ, რომ არის გარკვეული ინსინუაციები ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იკვებება მათ შორის საგარეო განცხადებებით, ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველ ამომრჩეველზე, რათა წაართვან მათ არჩევანის უფლება. ვიღაცას არ მოეწონა, ქართველი ხალხის არჩევანი რაც არის და ან უნდა გადაგვასახლონ ქართველი ხალხი აქედან და დანიშნონ ის, ვინც უნდათ, ან უნდა შეეგუონ ამ არჩევანს. ამ დილემაშია ახლა ბევრი, როგორც ჩვენ ვაკვირდებით. მაგრამ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და ამ არჩევანს უნდა მიყვნენ. ბოლო პერიოდში ვნახეთ უკვე კომიკურ დონეზე დასული ბატონი თენგო და გუშინ ბატონი გრიგოლიც ვნახეთ, რომელიც ტოპტვინებთან, ტოპ აიტისპეციალისტებთან ერთად ტოპანალიზს აკეთებს. ეს ხომ სირცხვილია უკვე და ამ ხალხის იმედად არიან მათ შორის ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომელიც ადრეც გაუკეთებიათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთივე ბრალდება იყო სააკაშვილის საკითხზეც.
„გვახსოვს უცხოელი მინისტრების, პრეზიდენტების განცხადებები, ხომ აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება, როგორც დღეს ხან სამი მინისტრი, ხან 13, ხან პრეზიდენტი და ხან ვინ რომ აკეთებს განცხადებას და აბრალებს საქართველოს, ქართველ ხალხს, თითქოს რაღაც წესების დარღვევა იყო. ზუსტად იგივე ხალხი, იგივე ევროპელები, იგივე ჩინოსნები და დიპლომატები გვაბრალებდნენ სააკაშვილის ტანჯვა-წამებას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს, გვაბრალებდნენ სანქციების გვერდის ავლას, რაც აღმოჩნდა ტყუილი და შემდეგ ბოდიშიც არ მოიხადეს. ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან. ამასობაში ჩვენ ნერვებს დაგვაწყვეტენ, ერთმანეთს გადაგვკიდებენ, დაგვაპირისპირებენ საზოგადოებას ერთმანეთთან. რა როგორ მოხდება, კაციშვილმა არ იცის. მერე ხელებს დაიბანენ, შემოგვხედავენ და წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში არეულობაა. ამ დონემდე მიიყვანენ ამ ქვეყანას და ბოდიშსაც არ მოიხდიან იმის გამო, რაც მათი ქმედებით არის. ასე რომ, თუკი ვინმე თენგოს და ბატონი გეგელიას ტოპტვინების იმედად არის ამ თუ სხვა ქვეყანაში, ეს მათი დიდი შეცდომაა. ეს შეცდომა არაერთხელ დაუშვიათ ზუსტად ევროპელ პოლიტიკოსებს, ჩინოსნებს თუ დიპლომატებს. გავიგე, ერთხელ შეგეშალა, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შვიდჯერ?! სადღაც ხომ უნდა გაჩერდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, აღიარონ ეუთო/ოდირის დასკვნა, ვერ გაექცევიან ვერც ამ დასკვნას და ვერც იმ მილიონ 120 ათასამდე ამომრჩეველს, რომელმაც ხმამაღლა, მკაფიოდ დაუჭირა მხარი არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას და მომავალ გეგმებს, ეს არის დემოკრატია და ყველა შეეგუოს და აღიაროს დემოკრატია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.