არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ დაჩქარებული ცვლილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ოპოზიციიდან ხუთეულის ხმის მიცემას, დროში ემთხვევა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალური ქსელში წერს, რითაც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
„ჩვენი შეტანილი კანონპროექტები თაროზე აქვთ შემოდებული. სამაგიეროდ, რატომღაც დაჩქარებული წესით შემოიტანეს რეგლამენტში ეს ცვლილებები.
არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ეს დაჩქარებული ცვლილებები დროში ემთხვევა ოპოზიციიდან ხუთეულის ხმის მიცემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის.
აღნიშნული ცვლილებების განხილვა მოთხოვნილია დაჩქარებული წესით რასაც პარლამენტში ბიურომ მხარი დაუჭირა.
ცვლილებების მიხედვით პარლამენტის წევრი, რომელიც დატოვებს ფრაქციას და პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობას უფლება ექნებათ შექმნა პოლიტიკური ჯგუფი.
პოლიტიკური ჯგუფი შეუძლია შექმნას 2 დეპუტატმა, რომლის თვიური დაფინანსებაა 10 890 ლარი.
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემდგომ პარლამენტის ის წევრები რომლებიც დატოვებენ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნიან პოლიტიკურ ჯგუფს და მიიღებენ დაფინანსებას. მანამდე ეს არსებული კანონით შეუძლებელი იყო.
რამ აიძულა „ქართული ოცნება“ ეს ცვლილებები დაჩქარებულად მიიღოს? ოპოზიციის რომელი სხვა ინიციატივა მიუღიათ დაჩქარებული წესით ხომ ვერ შემახსენებთ? მე პასუხი არ მაქვს“, - წერს ანა წითლიძე.