არგუმენტები, რომელიც მე ამ ადამიანებისგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებისთვის ხმის მიცემასთან დაკავშირებით მოვისმინე, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზულად ჩაგვეთვალა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა პროცესს ჰქონდა ადგილი.
„ვერ ვიტყვი, რა მოხდა - ვინ ვის გაურიგდა, ვინ ვისთან ითანამშრომლა. ფაქტი არის ერთი - ამ ადამიანების დახმარებით "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის არჩევა შეძლო, რომელსაც ვერ აირჩევდა ოპოზიციიდან ხმა რომ არ ჰქონოდა", - განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, 17 მაისს, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც ცნობილია, კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპელი სოციალისტების" გარდა, მხარი დაუჭირეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატებმა ნიკა მაჭუტაძემ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ბაჩუკი ქარდავამ, ასევე უფრაქციო დეპუტატმა დილარ ხაბულიანმა. მათგან რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.