ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას დღეს მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ მედიასთან განაცხადა და განმარტა, რომ მათ უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გააკეთონ განმარტებები, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„არგუმენტები, რაც მათგან მოვისმინე, ნამდვილად არ არის საკმარისი და მისაღები. ხუთი ადამიანიდან ერთ-ერთის კომენტარი მოვისმინე, რომელმაც ეს ყველაფერი რაღაც გაუგებრობას მიაწერა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, რომ დღეს ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. მოვისმინე არგუმენტები, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელი და არასერიოზულია. არგუმენტები, რომ ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ვიღაცამ რამდენიმე კანდიდატს მისცა, ვიღაცამ ეს არ იცოდა, ძალიან არასწორია.
საუბარია საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და პიროვნულად ჩემთვის მარტივი არ არის ამ კომენტარის გაკეთება, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას. ჩემი წარმოდგენა არის, რომ ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება შემდეგ თანამშრომლობა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩემი პოზიცია, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრაქციამ ამაზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, საზოგადოებამ მათგან უნდა მოისმინოს ეს არგუმენტები, თავად განსაჯონ, რამდენად მისაღებია და რამდენად არა. ისეთ სერიოზულ საკითხზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და სადაც, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ავარჩევინეთ კლანის წევრები. ეს არგუმენტები ჩემთვის არ იყო სერიოზული, დანარჩენზე ისაუბრებენ თვითონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით (ფარული კენჭისყრა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.