შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. 

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და  ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე 1991 წელს დაბადებული ბ.ნ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.დ. დააკავა.

სამართალდამცველებმა ბ.ნ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ხოლო ა.დ. კი საბაჟო გამშვები პუნქტ „ბათუმის პორტის“ ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში